19-23 დეკემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გიორგი წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში ერთიან ფორმატში ჩატარდება წლის შემაჯამებელი საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიება:
- 19-21 დეკემბერს – ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია „ახლო აღმოსავლეთი და კავკასია. კულტურა, ისტორია, პოლიტიკა”. კონფერენცია ეძღვნება აკად. გიორგი წერეთლის 120-ე და აკად. თამაზ გამყრელიძის 95-ე წლისთავს. კონფერენცია შეაჯამებს აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის 2023 წლის სამეცნიერო მუშაობას, წარმოდგენილი იქნება მოხსენებები კავკასიისა და ახლო (ასევე შორეული) აღმოსავლეთის ისტორიული და კულტურული ურთიერთობების, აღმოსავლური ენებისა და ლიტერატურის, ახლო აღმოსავლეთში ამჟამად მიმდინარე პროცესების სხვადასხვა ასპექტის შესახებ. აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის თანამშრომელთა გარდა, კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტებისა და სამეცნიერო ცენტრების წარმომადგენლები, ასევე უცხოელი მკვლევრები.
- 22 დეკემბერს – მრგვალი მაგიდა „საქართველოსა და სომხეთის პერცეფცია დასავლურ და აღმოსავლურ წყაროებში (შუა საუკუნეებსა და ადრეულ ახალ დროში).“ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის (# FR-23-10274) მონაწილეები წარმოადგენენ მოხსენებებს პროექტის თემატიკასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხებზე. შეჯამდება პროექტის განხორციელების პირველი წლის შედეგები.
- 22-23 დეკემბერს – საერთაშორისო კონფერენცია „თბილისის ეთნორელიგიური მოზაიკა (1801-1921)“. შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის (# FR- 21-8081) მონაწილეები, პროექტის უცხოელი კონსულტანტი, ასევე მოწვეული ქართველი და უცხოელი მკვლევრები წარმოადგენენ მოხსენებებს პროექტის თემატიკასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხებზე. შეჯამდება პროექტის განხორციელების საბოლოო შედეგები.
ღონისძიება ჩატარდება ჰიბრიდული ფორმატით:https://iliauni-edu-ge.zoom.us/j/83940344338?pwd=a5Y3nFkqf46wjbRCF5XN21bNXFnXJa.1
ადგილმდებარეობა:
ღონისძიების გახსნა და პირველი სხდომა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T კორპუსი, სხდომატა დარბაზი T102. აკად. გ. წერეთლის ქ. 1.
დანარჩენი სხდომები: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S კორპუსი, აკად. თამაზ გამყრელიძის სხდომათა დარბაზი (ოთახი 201/202), აკად. გ. წერეთლის ქ. N3.
სამუშაო ენა – ქართული და ინგლისური
დასწრება თავისუფალია.