პროექტი „საქართველოსა და სომხეთის პერცეფცია დასავლურ და აღმოსავლურ წყაროებში (შუა საუკუნეებისა და ადრეულ ახალ დროში)“ დაფინანსებულია შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ (# FR-23-10274)
- პროექტით გათვალისწინებული კვლევა ეხება საქართველოსა და სომხეთის პერცეფციას დასავლურ და აღმოსავლურ ისტორიულ წყაროებში/ნარატივებში შუა საუკუნეებსა და ადრეულ ახალ დროში. საკვლევი კითხვები შემდეგნაირად შეიძლება ჩამოვაყალიბოთ:
- როგორია კულტურათა გზაჯვარედინზე, სამხრეთ კავკასიის რეგიონში მდებარე ამ ორი ქვეყნის აღქმა როგორც დასავლელი/ევროპელი, ისე აღმოსავლელი ავტორების მხრიდან?
- რატომ ან რით იქცევდა საქართველო (ქართველები) და სომხეთი (სომხები) ევროპელთა და აღმოსავლელთა ყურადღებას და როგორ აისახა ეს ინტერესი მათ ნარატივებში?
- როგორ ახასიათებს დასავლური და აღმოსავლური წყაროები ქართველებსა და სომხებს? რა შეიძლება ჩაითვალოს ქართველთა და სომეხთა იდენტობის მარკერებად მათი პერსპექტივიდან?
- რა ადგილი უჭირავთ საქართველოსა (ქართველებსა) და სომხეთს (სომხებს) ევროპული და აღმოსავლური შუა საუკუნეებისა და ადრეული ახალი დროის კულტურების „საკუთრისა“ და „სხვის“ დისკურსში ისევე, როგორც ზოგად ცივილიზაციურ კონტექსტში?
ეს ის საკითხებია, რომელებიც ამგვარი პერსპექტივიდან არა მარტო ქართულ ან სომხურ, არამედ, ზოგადად, უცხოურ ისტორიოგრაფიაშიც არ გაშუქებულა (თუ არ ჩავთვლით ცალკეულ პუბლიკაციებს, რომელიც ამ მხრივ ზოგად სურათს ვერ ცვლის). შესაბამისად, მოცემული პროექტის საკვლევი თემა სიახლეს წარმოადგენს ქართულ და სომხური იდენტობის კვლევისა და, ზოგადად, უცხოთა თვალით დანახული საქართველოსა და სომხეთის პერცეფციის თვალსაზრისით.
საკითხის ისტორიოგრაფიაში მეტწილად საქართველოსა და სომხეთის ისტორიის გაბმული თხრობის ტრადიციაა დამკვიდრებული, რომელიც უმეტესწილად ქრონოლოგიური პრინციპით მოგვითხრობს საქართველოსა და სომხეთის ისტორიასა და კულტურაზე, რომელიც ერთი ავტორის შრომისა და გააზრების პროდუქტია და როგორც წესი, კონცენტრირებულია პოლიტიკურ ისტორიაზე, მეტწილად ფაქტობრივი მასალის მოწოდება/დაზუსტებაზეა ორიენტირებული, ვიდრე მოვლენათა გადააზრება/რეპრეზენტაციაზე. ნაკლებად გვხვდება მსჯელობა ამა თუ იმ ისტორიული მოვლენის გამომწვევ მიზეზებსა და შედეგებზე, ან, რაც ყველაზე საინტერესოა, მსგავსი მოვლენის ანალოგიების/ტოპოსების მოძებნაზე სხვა კულტურებსა თუ ცივილიზაციებში და ქართული ან სომხური მაგალითის სპეციფიკისა თუ უნიკალობის ჩვენებაზე, უცხოთა თვალით დანახულ და აღქმულ კულტურებზე. არადა, რამდენადაც საქართველოცა და სომხეთიც დასავლური და აღმოსავლური კულტურების გზაჯვარედინზე მდებარეობს, მნიშვნელოვანი იქნებოდა მათი შესწავლა სწორედ ამ კულტურათა პერსპექტივიდან, ასევე კომპარატივისტული კვლევის განხორციელება სხვადასხვა ქრისტიანული თემის მახასიათებლებთან შედარების კონტექსტში. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ქართულ და სომხურ ცივილიზაციაზე საუბრისას არა მარტო ქართველი და სომეხი მკვლევრების მოსაზრებების გაცნობა, არამედ უცხოელ ავტორთა და მკვლევართა თვალსაზრისების წარმოჩენა, მათი ანალიზი ისტორიული, პოლიტიკური, რელიგიური და ა.შ. კონტექსტების გათვალისწინებით.
მკველევართა ყოველი მომდევნო თაობა თავისებურად იაზრებს წარსულს, სხვადასხვა საკითხს გამოარჩევს ისტორიიდან და სწორედ მას მიიჩნევს აქტუალურად. მაგალითად, საქართველოსა და სომხეთის ისტორიის არა პოლიტიკურ ასპექტებს, არამედ სოციო-კულტურულ, კონფესიურ, ანთროპოლოგიურ მდგენელს, ყოველდღიურობის ისტორიასა და იდენტობის კვლევებს. სწორედ ამგვარი, თანამედროვე, ინტერდისციპლინარული კვლევების ხელშეწყობის მიზნით, პროექტის განხორციელების დასკვნით ეტაპზე გამოიცემა ქართველ და უცხოელ მკვლევერთა სტატიების კრებული (ორენოვანი: ქართულ-ფრანგული, თანდართული ინგლისური რეზიუმეებით), რომელშიც დასავლური და აღმოსავლური პერსპექტივიდან დანახული საქართველოსა და სომხეთის პერცეფციის შესახებ შექმნილ სამეცნიერო ნაშრომებს გამოვაქვეყნებთ. წარმოდგენილი იქნება საქართველოსა და სომხეთის ისტორიისა და ცივილიზაციის, ქართველთა და სომეხთა, როგორც აღმოსავლელი ქრისტიანების, პერცეფცია დასავლელი და აღმოსავლელი ავტორების პერსპექტივიდან, გამოკვლეული იქნება აღქმების თანხვედრის და განსხვავების განმაპირობებული ფაქტორები.
პროექტი ითვალისწინებს პოლ ვალერის მონპელიე 3 (საფრანგეთი) უნივერსიტეტის პარტნიორობას და ფრანგ მკვლევართა ჩართვას აღნიშნულ კვლევაში. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს 20 წლიანი ინტენსიური თანამშრომლობა აკავშირებს მონპელიეს უნივერსიტეტთან, ხშირია პროფესორებისა და სტუდენტების გაცავლითი ვიზიტები ჩვენს უნივერსიტეტებს შორის, ერთობლივი კონფერენციებისა და ლექციების ორგანიზება, სამეცნიერო კრებულების მომზადება, მჭიდრო კოლეგიალური ურთიერთობები. ცნობილი ფრანგი ისტორიკოსი, მონპელიეს უნივერსიტეტის ემერიტუსი პროფესორი ჟერარ დედეიანი აღნიშნული პროექტის კონსულტანტია. ასევე კვლევაში ჩართულები არიან ამავე უნივერსიტეტის ცნობილი ისტორიკოს-არმენოლოგები – იზაბელ ოჟე და მარიანა შევალიე.
ასევე მჭიდრო სამეცნიერო კავშირები არსებობს სომხეთის მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტთან, რომელიც იქნება პროექტის მეორე პარტნიორი ორგანიზაციაა. პროექტის მეორე კონსულტანტს წარმოადგენს ცნობილი სომეხი ისტორიკოსი გორ მარგარიანი.
პროექტით გათვალისწინებულია: 1) ერთიანი მონაცემთა ბაზის შექმნა იმ დასავლელი და აღმოსავლელი ავტორებისა, რომელთა ნაშრომებში განხილულია ქართველთა და სომეხთა ისტორია და კულტურა, ანთროპოლოგიური მახასიათებლები შუა საუკუნეებსა და ადრეულ ახალ დროში; 2) ორენოვანი (ქართლ-ფრანგული) სამეცნიერო სტატიების კრებულის გამოცემა, რომელშიც ასახული იქნება პროექტის მკვლევართა ჯგუფის მიერ განხორციელებული კვლევის შედეგები.
პროექტის განხორციელების შედეგად, წარმოდგენილი იქნება შუა საუკუნეებსა და ადრეულ ახალ დროში საქართველოსა და სომხეთის პერცეფცია დასავლელი და აღმოსავლელი ავტორების პერსპექტივიდან, მათი კულტურისა და თავისებურებების ამსახველი სრულფასოვანი სურათი. ამგვარი პროექტის განხორციელება კი, უდავოდ, გაამდიდრებს სამეცნიერო ცოდნას ქართველთა და სომეხთა ისტორიის, ხშირ შემთხვევაში თანაზიარი, ისტორიისა და კულტურის შესახებ.